გოდერძის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში. მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადის — ძინძისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2025 მ. აგებულია ზედაოლიგიცენურ-ქვედამიოცენური ვულკანოგენური წყებით, რომელიც შეიცავს განამარხებულ ფლორას (ე. წ. გოდერძის წყება). გოდერძის უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით. გოდერძის უღელტეხილზე გადის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა. 2012 წელს გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. კურორტზე სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.