ოქროს ციხე — ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. ციხის ზემო ნაწილი კლდოვანი ქედის კეხზეა. მისი კედლები ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ეშვება. ციხის უდიდესი ნაწილი სამხრეთის ფრთაზეა, სადაც კედლების რამდენიმე (თითქმის პარალელური) მწკრივია. კედლების მცირე ბურჯების გარდა, ციხის ფარგლებში რამდენიმე უფრო მოზრდილი კოშკიცაა. ერთი მათგანი უმაღლეს კლდეზე დგას და მთელ ციხეს დაჰყურებს. ციხის გეგმა რთულია. დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კედლები კლდეებთანაა შეზრდილი, მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს. კედლები უხეშად დამუშავებული ლოდებითაა ნაშენი და ზოგან 10 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა შენარჩუნებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. იგი ოთხივე მხრივ დიდი ლოდებითაა შემოფარგლული, სიმაღლით დაახლოებით 1,5 მეტრია, სიგანით კი - უფრო ნაკლები. კედლის სისქე შესასვლელთან ორ მეტრს აღემატება. დარჩენილი ბუდეები მოწმობს, რომ აქ ორფრთიანი კარი იყო. საკეტად უზარმაზარი ურდული ჰქონდათ. კედელში დარჩენილია მისი ბუდე. შესასვლელის წინ დამატებითი კედელია აშენებული, ხოლო ზედ შესასვლელის თავზე გაკეთებულია დიდი სალოდე; ამ ადგილამდის შემოჭრილ მტერს ზედ თავზე აყრიდნენ ქვებს, ასხამდნენ ცხელ ფისს. შიგ ციხის ფარგლებში შეღწევის შემდეგაც თავდამსხმელს ბევრი სიძნელე ეღობებოდა წინ. დამცველებს ცალკეულ კოშკებშიც შეეძლოთ გამაგრება.