ჭულის მონასტერი ან ჭულევის მონასტერი — XIV საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, პატარა ზანავში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება საფარისა და ზარზმის მონასტრების ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და 2 ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. შესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. განსაკუთრებით თვალში ცრუპატრონიკეები. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: აქ შიგა სივრცე უფრო კომპაქტურია. მკლავები და კუთხის ნაწილები უფრო შემჭიდროებულია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო და გუმბათიც უფრო მაღალი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ქვედა კორპუსის ამაღლება და გუმბათის დიამეტრის სიმცირე. ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, განირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა I, სარგის II, ყვარყვარე I, აქვეა გამოსახული მეხუთე პირიც, ბექას უმცროსი ვაჟი შალვა. მხატვრობის სხვა ნაწილებში, ჩვეულებისამებრ, საღვთო წერილის სიუჟეტებია გადმოცემულ